Main Page   Site Map   Contact ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
FacebookFacebook2.0 RSS FEEDGEOENG

MAIN


სოღანლუღი - მასობრივი დახვრეტის ადგილები


 



14 May 2012

ჩვენი ქვეყნის XX საუკუნის ისტორიის განსაკუთრებით მტკივნეულ თემას 1937-1938 წლების „დიდი ტერორი“ წარმოადგენს. საქართველოში, 30-იანი წლების სახელმწიფო რეპრესიები ათობით ათას ადამიანს შეეხო და ალბათ არ დარჩენილა ოჯახი, სადაც ამ ტრაგუკულ მოვლენას თავისი კვალი არ დაეტოვებინა. გასამართლებულთა მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომის - დახვრეტის განაჩენის სისრულეში მოყვანა რამდენიმე ქალაქში ხდებოდა: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სოხუმში.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში (ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) არქივი) დაცული დოკუმენტებიდან ირკვევა, ქ. თბილისში დახვრეტები ხორციელდებოდა ღამით, მინდორზე, თბილისიდან 18 კილომეტრში, სოფელ სოღანლუღთან, მისგან 8 კილომეტრის დაშორებით. ეს ადგილი დღესდღეობით მდებარეობს თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე.

1953 წელს, ე.წ. „ბერიას ჯგუფის“ (ბერია, გოგლიძე, ქობულოვი და სხვანი) გასამართლების შემდეგ, დაიწყო 1937-1938 წლებში რეპრესირებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეთა გადახედვა. 1954-1958 წლებში გადაიხედა საკმაოდ ბევრი სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა (რეაბილიტაცია მიიღო) შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებული „განსაკუთრებული სამეულის“ (Особая Тройка при НКВД ГССР), საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს გამსვლელი სესიის (Выездная Сессия Военной Коллегии Верховного Суда СССР), განსაკუთრებული სათათბიროს (Особое Совещание при НКВД СССР) და სხვა სასამართლო, თუ არასასამართლო ორგანოს მიერ რეპრესირებულმა ათასობით ადამიანმა.

საქართველოში 1955 წელს გაიმართა ღია სასამართლო პროცესი შინსახკომის მაღალი თანამდებობის პირების მიმართ (ე.წ. „წერეთელი, რაფავა, რუხაძის და სხვათა“ საქმე), სადაც ერთ-ერთ ძირითად ბრალდებად ფიგურირებდა 1937-1938 წელს დაპატიმრებულთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეების ფალსიფიცირება და ძიების უკანონო მეთოდების გამოყენება.  

გარდა აღნიშნული პროცესისა, საქართველოში ამ პერიოდის განმავლობაში, ანალოგიური  ბრალდებით, დაპატიმრებული იქნა და გასამართლდა 1937-1938 წლების რეპრესიების მონაწილე შინსახკომის არაერთი თანამშრომელი (გამომძიებელი).

ზუსტად ამ პერიოდში დაიკითხნენ ის პირები, რომლებსაც უშუალოდ მოჰყავდათ სისრულეში დახვრეტის განაჩენები-გადაწყვეტილებები 1937-1938 წლებში.

მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში მოყვანილია ბევრი დეტალი, თუ როგორ, სად და რა მასშტაბებით ხდებოდა დახვრეტები გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების პერიოდში. ერთ-ერთ ასეთ ჩვენებაში, მოცემულია ის ადგილი, სადაც ხორციელდებოდა მასობრივი დახვრეტები:

«После осуждения арестованных судом или «трокой» решения этих органов  приводилось в исполнение»

Приговоренные к расстрелу, расстреливались в поле, в ночное время в 18 км. От Тбилиси, около села Соганлуги, в 8 км. от него. Расстреливал их начальник тюрьмы, дежурные по комендатуре . Расстреливали обычно, по 20, 40 человек, а иногда и 100. Некоторые арестованные кричали во время их расстрела «Да здравствует Ленин и Сталин», «Да здравствует коммунизм». Некоторые арестованные ругали следователей, проводивших расследование по их делу...» 

საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორლი“ წლების განმავლობაში აწყობდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიებს აღნიშნულ ადგილზე. „მემორიალთან“ ერთად, აღნიშნულ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.

ინსტიტუტის მკვლევარები, გარდა არქივში ინფორმაციის მოპოვებისა, მასობრივი დახვრეტის ადგილების მომიჯნავე სოფლებში ვეძებთ ხანდაზმულ ადამიანებს, რომ არქივში ნაპოვნი ცნობები, თვითმხილველების გადმოცემებით დავადასტუროთ. აგრეთვე, ვაგროვებთ დახვრეტების თვითმხილველებისგან ზეპირ ისტორიებს.

ერთ-ერთი ასეთი მთხრობელი ჩავწერეთ სოფელ გაჩიანში. 100 წელს მიტანებულმა თალიბ ალიევმა არ დაიზარა და ყველაფერი გვიამბო. 1937-1938 წლებში,ზაფხულში, როდესაც ის, 25-26 წლის ახალგაზრდა მწყემსად მუშაობდა, წალკიდან ჩამოსულებს ცხვარი ამ ტერიტორიის მახლობლად ჰყავდათ გაჩერებული. ის რამდენჯერმე შეესწრო, რომ ღამით, ღრმად ამოთხრილ ორმოებთან მოდიოდა 10-12 სატვირთო მანქანა ე.წ „პოლუტორკა“, საიდანაც გადმოჰყავდათ ხელებგაკოჭილი ხალხი. ბატონი თალიბის ნაამბობიდან ვიგებთ, რომ სავარაუდოდ, დასახვრეტად გაყვანილ პირებს ინექციას უკეთებდნენ, იმისთვის რომ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ და არ გაქცეულიყვნენ. ამით აიხსნება, ალბათ, ის გარემოებაც, რომ მათ არ შეეძლოთ ხმის ამოღება და ყვირილი. სიკვდილმისჯილებს ხვრეტდნენ ტყვიამფრქვევით, ხოლო ვინც გადარჩებოდა მათ ჯგუფიდან ერთ-ერთი (სავარაუდოდ ჯგუფის ხელმძღვანელი) პირადად სათითაოდ ესროდა იარაღს. შემდგომ, მიცვალებულებს ერთად ყრიდნენ წინასწარ ამოთხრილ ორმოებში და ტრაქტორებით ასწორებდნენ მიწას. დახვრეტილთა ტანსაცმელს კი იქვე წვავდნენ.

დახვრეტის ადგილზე მისულებს, როდესაც ყველაფერ ამას გვიყვებოდა, მძიმე მოგონებების გამო ჩვენს მხცოვან რესპოდენტს თვალზე ცრემლი მოადგა.