IDFI განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს

სიახლეები | განცხადებები 5 დეკემბერი 2013

2013 წლის 3 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების მოსაპოვებლად. კონკურსი დღეს, 5 დეკემბერს იხურება. ამგვარი პროექტების ინიცირება მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა საკონკურსო განცხადებების წარსადგენად დაწესებული მხოლოდ ორდღიანი ვადა ეჭვქვეშ აყენებს პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვის შესაძლებლობას. ამგვარი მოკლე პერიოდი - სულ 2 დღე - სტუდენტების მიერ არათუ სრულყოფილი პროექტების ჩამოსაყალიბებლად, არამედ კონკურსის შესახებ ინფორმაციის სათანადოდ გავრცელებისთვისაც არ არის საკმარისი (ბრძანება 2013 წლის 2 დეკემბრით თარიღდება და სავარაუდოდ, აქამდე მის შესახებ ინფორმაცია მასობრივად ვერ გავრცელდებოდა).

აღსანიშნავია კონკურსის მოთხოვნები და პირობები, კერძოდ:
• დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, აქტიური სტუდენტის სტატუსის მაგისტრანტთა ჯგუფმა (3-5 სტუდენტისგან დაკომპლექტებული);
• სასწავლო კვლევითი პროექტის ჯგუფს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, დოქტორანტის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
• საპროექტო განაცხადის წარდგენისას სტუდენტებმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ:

o სამეცნიერო ხელმძღვანელის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
o საპროექტო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის დასაბუთებას, დაგეგმილი კვლევის აღწერას, გეგმა-გრაფიკს, დეტალურ ხარჯთაღრიცხვას და მოსალოდნელი შედეგების აღწერას;
o პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის პროფესიული ავტობიოგრაფია;
o მხარდაჭერის წერილი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სწავლობენ მაგისტრანტები.

აღნიშნული პირობები კონკურსის ვადების შეუსაბამობაზე ყველაზე მეტად მეტყველებენ. კერძოდ, საეჭვოა როგორ მოახერხებენ მაგისტრანტები 2 დღეში არამხოლოდ 3-5 კაციან ჯგუფში საერთო კვლევით წინადადებაზე კონსულტაციას და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმებას, რომ არაფერი ვთქვათ აკადემიურ ხელმძღვანელთან შეთანხმებაზე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მხარდაჭერის წერილის აუცილებლობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. როგორც მინიმუმ, ამგვარი წერილის მოპოვება ხშირად ბიუროკრატიულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა საპროექტო წინადადების, გეგმა-გრაფიკისა და ფინანსური დასაბუთების 2 დღეში სრულყოფილად მომზადების საკითხია.


აღნიშნული პროგრამისთვის გამოყოფილია 240 000 ლარი. თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი 30 000 ლარი შეიძლება იყოს. ამიტომაც, აუცილებელია, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი დაფინანსების შეუფერებელ პირობებში გაცემის შესახებ.

გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ტიპის კონკურსი მანამდე განათებლისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა დოქტორანტურის სტუდენტებისთვისაც. ამ შემთხვევაში ბრძანება 23 სექტემბერს იყო გამოცემული. ინფორმაცია პროგრამის შესახებ ფონდის ვებ-გვერდზე 29 სექტემბერს განთავსდა, ხოლო პროექტების რეგისტრაცია 29 ოქტომბერს მთავრდებოდა. 

მაგისტრანტებისთვის გამოცხადებული კონკურსის პირობები და გარემოებები წარმოქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ჩვეულებრივი სტუდენტისთვის სრულყოფილი განცხადების მომზადება და კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია სერიოზულ შეზღუდვებთან და ინფორმაციის ნაკლებობასთან იყოს დაკავშირებული. აშკარაა, რომ საკონკურსო მოთხოვნები კონკურსის ხანგრძლიბობასთან არაპროპორციულია.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოვუწოდებთ, რომ გაახანგრძლივონ გამოცხადებული კონკურსის ვადა და დაინიშნოს საპროექტო განცხადებების მიღების ადეკვატური თარიღი, რათა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს კონკურსში მონაწილეობა. ვფიქრობთ, ამგვარი ნაბიჯი პროცესს უფრო გამჭვირვალეს და სამართლიანს გახდის.

სამინისტრომ აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მთლიანი პროცესის (განცხადებების მიღების, განცადებების განხილვის, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების) ღიაობა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონკურსის ყველა ეტაპის, მათ შორის საბოლოო გამარჯვებულების ვინაობისა და მათი პროექტების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება.
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023