ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ღია წერილი სემეკს

განცხადებები 17 აპრილი 2014
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 
ბატონ დავით უსუფაშვილს 
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს 
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
 
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს 
ბატონ კახი კალაძეს
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს 
ქალბატონ ირინა მილორავას 
 
ღია   წერილი
 
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, რაზეც 24 მარტს მივიღეთ პასუხი, რომლითაც გვეცნობა, რომ მოთხოვნათა 21 პუნქტიდან სულ დაკმაყოფილდა 4 მოთხოვნა, 2 არასრულყოფილად მოგვეწოდა, ხოლო დანარჩენ 15 პუნქტში ორგანიზაციას უარი ეთქვა ინფორმაციის გაცემაზე. 
 
ვთვლით, რომ კომისიის პოზიცია, მაგალითისთვის, წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით, რომ მოგვეძია ეს ინფორმაცია 2013 წლის საანგარიშო დოკუმენტში - ალოგიკურია, რამდენადაც ამ დოკუმენტში არ არის მითითება აღნიშნულ ხარჯვით კატეგორიაზე გამოცალკევებით. ასევე, არ იქნა მოწოდებული კომისიის წევრების განათლების დამადასტურებელი მონაცემები, რაზეც წარმოდგენილი დასაბუთება მოკლებულია საკანონმდებლო საფუძველს. ანაზღაურებასთან, მივლინების და სხვა ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაუცემლობის მთავარი არგუმენტაცია კომისიის მხრიდან გაკეთებულია მათ კონფიდენციალობაზე მითითებით, თუმცა არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არ იცნობს მათი დეფინიციის ამგვარ ფორმას. 
 
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, როგორც ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უნდა ემსახურებოდეს, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ნაწილში, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპს, მიუხედავად იმისა, რა სახით ფინანსდება დაწესებულება. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლში არსებული ჩანაწერი, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით“.
 
დამატებით გვინდა აღვნიშნოთ, IDFI-ი წლების განმავლობაში ცდილობს მსგავსი ინფორმაციის მიღებას სემეკიდან. კომისიამ არ გაითვალისწინა არც სახალხო დამცველის მიერ მათთვის გაგზავნილი  რეკომენდაციები (სადაც დასაბუთებული იყო, თუ რატომ უნდა მომხდარიყო IDFI-სთვის საჯარო ინფორმაციის გაცემა), რომლებიც ასევე ასახული იქნა  საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშშიც. ხოლო ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დაასახელდა, როგორც 2012-2013 წლების საქართველოს ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება. IDFI-ის ამ შეფასებას კომისიის მხრიდან მოყვა შემდეგი შინაარსის განცხადება: ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) შეფასება, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ ყველაზე დახურული დაწესებულება,  არ  შეესაბამება სიმართლეს.  საჯარო  ინფორმაციის გაცემისას კომისია ხელმძღვანელობს შესაბამისი კანონმდებლობით. ყველა ინფორმაცია, რომელიც ექვემდებარება საჯაროობას ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, როგორც კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში“.  
 
მიუხედავად კომისიის აღნიშნული განცხადებისა, აგრეთვე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კომისიის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შემდგომ ჩვენ გაგვიჩნდა მოლოდინი სემეკ-ის საქმიანობის უფრო გამჭვირვალე წარმართვასთან მიმართებაში,  კომისიის ქმედებები საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით, კვლავ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ამ ორგანოს საქმიანობის საჯაროობის შესახებ. მიგვაჩნია, რომ კომისიის, როგორც სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ამგვარი დამოკიდებულება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ზოგადად ღიაობის ნაწილში, წინააღმდეგობაში მოდის არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლების საჯაროობის და ანგარიშვალდებულების გაცხადებულ პოლიტიკასთან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას შეცვალოს, წლების განმავლობაში დამკვიდრებული გაუმჭვირვალედ საქმიანობის პრაქტიკა.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023