header of idfi archive
GEO / ENG


ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა 1956 წლის უნგრეთის მოვლენებში

11:28 AM - 1 November 2016



ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა 1956 წლის უნგრეთის მოვლენებში

ავტორი: გიორგი ხატიაშვილი

 

60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1956 წლის 23 ოქტომბერი - 11 ნოემბრის უნგრეთის რევოლუცია საბჭოთა კავშირმა სამხედრო ინტერვენციის გზით ჩაახშო. ქვეყანაში 30,000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი და 1,000-ზე მეტი ტანკი შევიდა. ოფიციალური მონაცემებით, საბჭოთა დანაკარგი შეადგენდა 720 ადამიანს, აქედან 669 დაღუპული და 51 უგზოუკვლოდ დაკარგული. აჯანყებას 2,500-ზე მეტი უნგრელის, სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეეწირა(1).


საბჭოთა კავშირის ამ სამხედრო ინტერვენციაში საქართველოდან გაწვეული ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ. ეს ინფორმაცია დაცულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილების (პარტიული არქივი) ე.წ. „საიდუმლო ფონდში“.


არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით, 1957 წლის 3 იანვარს საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრმა მარშალმა გიორგი ჟუკოვმა საიდუმლო წერილით მიმართა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს ვასილ მჟავანაძეს, რომელშიც ნათქვამია, რომ სკკპ-ს(2) პრეზიდიუმმა და მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება უნგრეთის კონტრრევოლუციურ აჯანყებაში(3) დაღუპული და დაშავებული სამხედროებისთვის შეღავათების დაწესების თაობაზე.


მარშალი ჟუკოვი სთხოვს მჟავანაძეს, ამ საქმეს ყურადღება მიაქციოს და მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულ სამხედროებს დროულად გაეწიოთ დახმარება. წერილს თან ერთვის უნგრეთში საქართველოს სსრ-დან დაღუპულ სამხედროთა სია, სულ 10 ჯარისკაცი, 10 სხვადასხვა რაიონიდან და ქალაქიდან. წერილზე მჟავანაძემ დატოვა რეზოლუცია, რომელიც ავალებს სამხედროების ოჯახური მდგომარეობის და ადგილმდებარეობის დაზუსტებას და გადაწყვეტილების პროექტის ცენტრალურ კომიტეტში წარდგენას.


იმავე „განსაკუთრებულ საქაღალდეში“ ინახება უკვე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ რაიონების მიხედვით მოძიებული დაღუპულ და დაშავებულ ადამიანთა სია და მათი საჭიროებები. ჟუკოვის წერილს დართული სიისგან განსხვავებით, ამ სიაში აღირიცხა 23 დაღუპული და 4 დაჭრილი 22 რაიონიდან და ქალაქიდან. ნიშანდობლივია, რომ ერთი გვარი, რომელიც მოსკოვიდან გამოგზავნილ სიაშია, არ იძებნება უკვე საქართველოში მომზადებულ სიაში.


1957 წლის 30 იანვარს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და მინისტრთა საბჭომ გამოსცეს დადგენილება, რომლითაც უნგრეთის მოვლენების დროს დაჭრილ და დაღუპულ სამხედროებს და მათ ოჯახის წევრებს ურიგოდ მიეცემოდათ ბინები, მიწის ნაკვეთები და სახსრები რემონტისთვის. დაღუპულთა სამხედროების შვილებს უპირატესობა მიენიჭებოდათ სკოლა-ინტერნატებში მიღებისას. დადგენილება, ასევე, ითვალისწინებდა დაღუპულთა ოჯახის წევრების სამუშაო მოწყობასა და გადამზადებას.


უნგრეთის მოვლენების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა სოციალური სტატუსი სამამულო ომის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა სტატუსს გაუთანაბრდა. დაღუპულთა ოჯახებს უნდა მიეღოთ მატერიალური კომპენსაცია, ასევე, მათ დაენიშნებოდათ პენსია.


1956 წლის უნგრეთის მოვლენების დროს საქართველოდან გაწვეული დაღუპული და დაშავებული ჯარისკაცების სია, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ მოძიებული მონაცემების მიხედვით.

 

დაღუპულები:


1. ვასილი ივანეს ძე ბურდული - ასპინძის რაიონი
2. მანაშა ერემის ძე ალელიშვილი - ახალქალაქის რაიონი
3. სტეფანე ანტონის ძე ზაზაშვილი - ადიგენის რაიონი
4. აიკაზ მელიტოსის ძე ვართაპეტოვი - ახალციხის რაიონი
5. ამაიაკ მარტიროსის ძე მარტიროსიანი - ბოლნისის რაიონი
6. სარდიონ ივანეს ძე გაბოშვილი - გურჯაანის რაიონი
7. ალექსი ბოგდანის ძე მათიჩაშვილი - გურჯაანის რაიონი
8. ვალერიან ღვთისოს ძე წიკლაური - დუშეთის რაიონი
9. გრიგოლ იოსების ძე მუჯიაშვილი - ქარელის რაიონი
10. გური უშანგის ძე დოლიძე - ლანჩხუთის რაიონი
11. ვალუმან ალექსანრეს ძე ჯანაშვილი - მცხეთის რაიონი
12. ავთანდილ იოველსის ძე შველიძე - ორჯონიკიძის (ხარაგაულის) რაიონი
13. ვალიკო ვლადიმერის ძე ჩუთლაშვილი - სიღნაღის რაიონი
14. უშანგი გიორგის ძე კუბლაშვილი - ტყიბულის რაიონი
15. არუთუნ ანდრონიკის ძე კიულიანი - გულრიფშის რაიონი
16. კრიკორ ოკსენის ძე კალაიჯანი - გაგრის რაიონი
17. (სახელი მითითებული არ არის) ედუარდის ძე სარიანი - გაგრის რაიონი
18. გივი რეზას ძე ვარშანიძე - ბათუმის რაიონი
19. გალუსტ ვართანის ძე აკოპიანი - სოხუმის რაიონი
20. ვაგარშაკ ტიგრანის ძე კალეიჯანი - სოხუმის რაიონი
21. ვასილი სოლომონის ძე ბეკოევი - სტალინირის (ცხინვალის) რაიონი
22. თენგიზ ილიას ძე გაბრაშვილი - ქ. თბილისი
23. ლევან ფრიდონის ძე ჯამაგიძე - თიანეთის რაიონი


დაჭრილები:


1. ავეტის არუთინის ძე ავეკიანი - ახალქალაქის რაიონი
2. გივი პარმენის ძე გოჩოლეიშვილი - აბაშის რაიონი
3. აბესალომ ვარდენის ძე ახპატელოვი - ქ.თბილისი
4. ნუგზარ სერგის ძე პატარაია - ქ. ქუთაისი

 

წყარო:

 

1. Каким было Венгерское восстание 1956 года. http://kommersant.ru/doc/3124760
2. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
3. ასე მოიხსენიებოდა საბჭოთა დოკუმენტებში უნგრეთის 1956 წლის მოვლენები. 






ა. გრიბოედოვის ქუჩა  №3
0108, საქართველო, თბილისი
ტელ:  +99532 2 921514
ელ ფოსტა: info@idfi.ge